„რუსეთთან პოლიტიკური ურთიერთობის დარეგულირება კარასინი–აბაშიძის ფორმატში არ უნდა მოხდეს“

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, რუსეთთან პოლიტიკური ურთიეთობების დარეგულირება, კარასინი–აბაშიძის ფორმატში არ უნდა მოხდეს. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა ვიდეოდიალოგის ფორმატში მოქალაქეთა კითხვებზე პასუხისას აღნიშნა აბაშიძე–კარასინის ფორმატის შედეგია, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქცია რუსეთში გადის.
„რუსეთი ჩვენი მეზობელია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. რუსეთთან ურთიერთობა არის ძალიან მძიმე თემა. მე გამოვყოფდი ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარეებს. ეკონომიკის კუთხით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. აბაშიძე–კარასინის შეხვედრების ფორმატში ბევრი შეხვედრა განხორციელდა და ვფიქრობ ამის შედეგია, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პოდუქციის გატანა რუსეთში შეგვიძლია. მაგრამ არის მეორე, ძალიან მძიმე თემა, რომელიც პოლიტიკურ ურთიერთობებს შეეხება და ჩვენ დიპლომატიური ურთიერთობებიც არ გვაქვს აღდგენილი რუსეთთან. თუმცა ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია დიალოგის დაწყება, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და ვფიქრობ, ეს არ უნდა მოხდეს მხოლოდ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატში. ვფიქრობ, აქ საჭიროა მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა, თუკი ურთიერთობების დათბობა და დარეგულირება გვინდა. მე პოლიტიკური ურთიერთობები მაქვს მხედველობაში ჩვენს მეზობელ ქვეყანასთან, რუსეთთან. რა თქმა უნდა, ამისთვის მოსამზადებელია შეხვედრები, ეს იქნება პრემიერ-მინისტრი თუ სხვა ფორმატი, მაგრამ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას, რომ ჩვენ ურთიერთობები დავარეგულიროთ ამ ქვეყანასთან“, – განაცხადა კალაძემ.
ვიცე-პრემიერმა მოქალაქეების კითხვებს ვიდეოდიალოგის ფორმატში მეშვიდედ უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები