„ოპონენტები ვადამდელ არჩევნებს კი არ უნდა ითხოვნდენ, არამედ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში უნდა იყვნენ“

ვიცე-პრემიერი კახა კალაძის განცხადებით ვადამდელი არჩევნების შესახებ მოლოდინები და საუბრები არამართებულია. თუმცა ამასთან, ენერგეტიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს კი არ უნდა ითხოვდეს, არამედ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში უნდა იყოს.
„მას მერე მგონი, რაც არჩევნებზე მრგვალმა მაგიდამ გაიმარჯვა, ნებისმიერი არჩევნები საქართველოში უზარმაზარ სოციალურ სტრესთან იყო დაკავშირებული. ცხადია, ყველანი ვაცნობიერებთ რამხელა ადამიანურ და ფინანსურ რესურსს მოითხოვს არჩევნები. შესაბამისად, ვადამდელის შესახებ მოლოდინები ან საუბრები, პირადად მე, არამართებულად მიმაჩნია. თუმცა თუ იქნება ეს გადაწყვეტილება მიღებული და ჩვენა აუცილებლობის წინაშე დავდგებით, ვფიქრობ არც ეს არ არის პრობლემა. მაგრამ ვისაც რამე არ მოსწონს ხელისუფლების მიერ ჩატარებული მუშაობიდან, ვადამდელი კი არ უნდა ითხოვოს და ამით პოპულისტური ქულები კი არ უნდა დაიწეროს, არამედ ჯანსაღი ოპონირების რეჟიმში იყოს მთავრობასთან, გამოასწორებინოს სადმე თუ გადაცდომაა და სადაც ხელის წაშველებაა საჭირო, წააშველოს, დაეხმაროს. ზუსტად ესაა ტესტი დაგვანახოს, ქვეყნის ნორმალურად განვითარებაზე მზრუნველი, რომელი პოლიტიკური ძალა გვყავს. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკური ძალები ქვეყანაში უნდა გამრავლდეს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ ვიდეოდიალოგის ფორმატში საუბრისას.
ვიცე-პრემიერმა მოქალაქეების კითხვებს ვიდეოდიალოგის ფორმატში მეშვიდედ უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები