პრემიერი: მინდა შევთავაზო საკრებულოს, თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოდის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რუსთაველის სახელობის აეროპორტი გახდეს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ესაუბრა თბილისის მერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ უნდა მიიღოს.
“საკითხი ეხება თბილისის აეროპორტს და მის სახელს. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვერ მოხდა თბილისის აეროპორტისთვის სახელის შერჩევა და გადარქმევა, ალექსეევკა, რაც ბოლო წლების განმავლობაშია დამკვიდრებული, დღემდე, სამწუხაროდ, ასეა. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა. მე მინდა ეს უბრალოდ შევთავაზო თბილისის საკრებულოს და მერიას, რომ იმსჯელონ ამ საკითხზე. იდეა არის შემდეგი, რომ თბილისის აეროპორტს დაერქვას რუსთაველის სახელობის აეროპორტი. მოგეხსენებათ რომ მომავალ წელს რუსთაველის 850 წლის იუბილეა. ჩვენ ვაპირებთ ამასთან დაკავშირებით შევქმნათ სპეციალური სახელმწიფო კომისია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერს მიაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნება, თუ ამას გადაწყვეტს თბილისის საკრებულო.
“იმედი მაქვს, იმსჯელებენ ამ საკითხზე და ასევე, რა თქმა უნდა, მოსახლეობის აზრიც მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები