კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ განსახილველად პარლამენტს ეგზავნება
კანონპროექტი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, განსახილველად საკანონმდებლო ორგანოს ეგზავნება, – შესაბამისმა ჯგუფმა პროექტზე მუშაობა დაასრულა.
პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ხელისუფლება ვალდებულია, სასწრაფოდ დაიწყოს სპეციალური ღონისძიებები მთის გაძლიერების მიმართულებით.
„პროექტი ითვალისწინებს მაღალმთიან რეგიონებში მუდმივად მცხოვრები ადამიანებისთვის სოციალური შეღავათების და ეკონომიკური საქმიანობის წახალისების სისტემის შექმნას, ასევე მაღალმთიანი დასახლებებისთვის ინფრასტრუქტურული განვითარების მიზნით დამატებითი ფულადი სახსრების გამოყოფას. მიმაჩნია, რომ ეს არის სასწრაფოდ გასაკეთებელი, რადგან მთა იცლება, ოჯახებს უჭირთ დამაგრება და არ არის არანაირი პირობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.