„მივიღეთ მყარი გარანტია, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ აქტიურ ლობისტად ევროინტეგრაციისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესში“

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვე მიიღო.

შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

,,ესტონეთის პრეზიდენტმა, ბატონმა ილვესმა ამ შენობაში შემოსვლისას გაიხსენა მისი ბოლო ვიზიტი ამ შენობაში. ეს იყო 2008 წლის აგვისტო, ის დღეები, როდესაც რუსეთის არმია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ჯერ კიდევ ბომბავდა და ყველას კარგად გვახსოვს, რომ ილვესი იყო ერთ-ერთი პირველი იმ პრეზიდენტთაგანა, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში, მიუხედავად დახურული საჰაერო სივრცისა, არსებული პრობლემებისა და ამით ფასდაუდებელი დახმარება აღმოგვიჩინა ჩვენ, ქართველებს და საქართველოს.

ამიტომ, როდესაც ესტონეთის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მით უმეტეს, ბატონი ილვესი საქართველოში ჩამოდის, ჩვენ კიდევ ერთხელ ძალიან მყარად ვაცხადებთ, რომ საქართველო არ არის მარტო, საქართველოს ჰყავს ნაცადი მეგობრები მსოფლიოში და ესტონეთი არის ერთ-ერთი მათგანი. ჩვენ ძალიან მრავალი მიმართულებით ვთანამშრომლობთ, სამთავრობო დონეზე, საპარლამენტო დონეზე, კულტურული ურთიერთობების დონეზე, საგანმანათლებლო საკითხებში.

დღეისთვის, ესტონეთში 150- მდე სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა პროფესიას, მათ შორის, სამხედრო სპეციალობას და საქართველოში უკვე 50-მდე ოფიცერმა მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება ტალინის სასწავლებელში. ასე, რომ ეს არის სამაგალითო ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და ეს ურთიერთობა გაგრძელდება. ჩვენ, ცხადია, ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რაც ერთად გვაქვს ქართველ და ესტონელ ხალხს – ეს არის რუსული აგრესია, რუსეთის მცდელობა, აღადგინოს საბჭოთა იმპერია და ცხადია, ამ გეგმებში, რუსეთის გეგმებში, არის არა მხოლოდ საქართველო, არამედ კიდევ სხვა ქვეყნები და ტერიტორიები. ჩვენ გვინდა, ეს ყველაფერი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით. ჩვენ გვინდა, ხელი შევუწყოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენას და ომის, რაც შეიძლება სწრაფად დამთავრებას. ჩვენ მივიღეთ, კიდევ ერთხელ, ძალიან მყარი გარანტია იმისა, რომ ესტონეთი რჩება საქართველოს ერთ-ერთ მთავარ და აქტიურ ლობისტად ევროინტეგრაციის პროცესში და ნატოში ინტეგრაციის პროცესში. ასე რომ, ეს იყო ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და დასტური იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ გაგრძელდება“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შედმეგ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

პარლამენტიის თავჯდომარისა და ესტონეთის პრეზიდენტის შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ: პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზვიად კბაჭანტირაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ვიქტორ დოლიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები