საქართველოს და ესტონეთის პრეზიდენტებმა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია დაათვალიერეს

ესტონეთის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მარგველაშვილმა და ტოომას ჰენდრიკ ილვესმა თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ე.წ. ფაბლაბ ილიაუნი (FabLab Iliauni) მოინახულეს და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა ისეთი დანადგარებითაა აღჭურვილი, როგორიცაა: 3D პრინტერი, 3D სკანერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი (CNC) და ა.შ. საქართველოში პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბ ილიაუნი (FabLab Iliauni), საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2014 წელს გაიხსნა. პრეზიდენტებს საჩუქრად სტუდენტებმა ლაბორატორიაში დამზადებული საქართველოსა და ესტონეთის რუკებიც გადასცეს. გიორგი მარგველაშვილმა და ტოომას ჰენდრიკ ილვესმა სტუდენტებთან ერთად სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები