„სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნა რუსეთის ინტერესშია“

„მწვანეთა პარტიის“ ლიდერმა, პარლამენტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ პორტალ “კვირას” პრესკლუბში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ინტერვიუ შეაფასა და  ოდესის გუბერნატორად მისი დანიშვნის საქმეში რუსეთის ინტერესებზე ისაუბრა.

გაჩეჩილაძემ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ოდესის პორტის მეშვეობით ნარკოტიკების ბრუნვაზე ისაუბრა და მასში ყოფილი პრეზიდენტის ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება.
„სააკაშვილმა უკრაინაში სრული ფიასკო განიცადა. ის საერთაშორისო ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარედ იყო დანიშნული, უკრაინის პრეზიდენტს ილუზია ჰქონდა, რომ მას საერთაშორისო დონეზე ურთიერთობები და გავლენა ჰქონდა და რაღაცების მოგვარება შეეძლო, თუნდაც შეიარაღებასთან, თუნდაც რიგის სამიტთან დაკავშირებით, მაგრამ დაინახეს, რომ მას არც აშშ-ში და არც ევროკავშირში არანაირი გავლენა არ გააჩნია და რიგის სამიტის დასრულების შემდეგ სააკაშვილის კიევიდან გამოძევების საკითხი დადგა.

მე არ გამკვირვებია, როდესაც მას სწორედ ოდესის ოლქის ხელისუფლება შესთავაზეს სააკაშვილს. ოდესის ოლქი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი წერტილია. უკრაინასა და საქართველოს შორის ტვირთბრუნვები, საზღვაო გადაზიდვები სწორედ ფოთი – ოდესის პორტების საშუალებით ხდება. ხოლო ის ბორანი, რომელიც ამ მიმართულებით მოძრაობს, სააკაშვილის მიერ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთზე გადაცემულია და რუსეთის რკინიგზას ეკუთვნის. ეს ის ბორანია, რომელიც სააკაშვილის პერიოდში რუსეთთან შეთანხმებით უკრაინაში ჰეროინს ზიდავდა. ამ საბორნე გადასასვლელით 6 ტონა ჰეროინი ბულგარეთში, 1 ტონა კი ილიჩეევსკის პორტის საშუალებით უკრაინაში შედიოდა. სააკაშვილის ოდესის ასეთ მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა რუსეთის ინტერესშია. რუსეთი თანამდებობებზე სვამს ადამიანებს, რომლებზეც საზოგადოება ფიქრობს, რომ პროდასავლურია, სინამდვილეში კი რუსეთზე მუშაობს. სააკაშვილი საქართველო – უკრაინის ურთიერთობებში ბევრ პრობლემებს შექმნის ამიტომაც აუცილებელია პარტიებმა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად მიმართვა გავუგზავნოთ უკრაინის პრეზიდენტს, რომ სააკაშვილის დანიშვნა საქართველო – უკრაინის ურთიერთობებში პრობლემებს შექმნის“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები