თეა წულუკიანი: დოკუმენტში სქესის შეცვლისთვის სამედიცინო დასკვნაა საჭირო
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სახალხო დამცველის ინიციატივას უპასუხა, რომელიც სქესის ჩანაწერის ცვლილებას ეხებოდა.
როგორც მინისტრმა საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ ჟურნალისტებს განუცხადა, “დოკუმენტში სქესის შეცვლისთვის სამედიცინო დასკვნაა საჭირო, ამისთვის იუსტიციის სამინისტრო ვერ გამოდგება”.
მისივე განმარტებით, იუსტიციის სამინისტრო დოკუმენტში სქესის შეცვლის თემაზე მუშაობს.
„ეს არ არის მარტივი საკითხი. როდესაც პირი მოდის სამოქალაქო რეესტრის ოპერატორთან, ოპერატორი არ არის ის ადამიანი, ვისაც შეუძლია დაადგინოს, შეცვლილი აქვს თუ არა ამა თუ იმ ადამიანს სქესი. ეს შესაბამისმა სამედიცინო დაწესებულებებმა უნდა დაადგინონ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, უწყება ვერ გამოდგება სტრუქტურად, რომელიც შეამოწმებს, არის თუ არა მოცემული პირი ამა თუ იმ სქესის წარმომადგენელი.
„ამას ამოწმებენ შესაბამისი დაწესებულებები და სქესის შეცვლისთვის სამედიცინო დასკვნაა საჭირო. კანონი წესრიგშია. პრაქტიკა, ალბათ, უნდა გავამარტივოთ და ამაზე ვმუშაობთ,“ – განმარტა თეა წულუკიანმა.
ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრს სამოქალაქო აქტებში ტრანსგენდერთათვის სქესის ჩანაწერის ცვლილებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ მიმართა.