უპატრონო სასაფლაოების მოვლა-პატრონობა შესაძლოა, მუნიციპალიტეტებს დაევალოთ
თბილისის თვითმმართველი ორგანო 2-3 თვეში სასაფლაოების შესახებ ახალ ინიციატივას წარადგენს. როგორც პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განმარტა, ინიციატივა უპატრონო სასაფლაოების დალაგება – მოვლის საკითხს დაარეგულირებს, მათი დანაგვიანების შემთხვევაში კი მოქალაქეებს გარკვეულ სანქციებს დააკისრებს.
„ხშირად ხდება ისე, რომ გარდაცვლილ ადამიანს აღარ ჰყავს ოჯახი, რომ მათ საფლავს მოუაროს, ან საზღვარგარეთ ჰყავს. ასეთ საფლავებზე ხშირად სხვა საფლავების დალაგებისას მოგროვილ ნაგავს ყრიან. ამით შეურაცხყოფენ მიცვალებულს და გარშემო სრული ანტისანიტარიაა. მოსახლეობა საკუთარი ახლობლების საფლავების მოწესრიგებისთვის ქირაობს ადამიანებს და უვლიან საფლავებს, მაგრამ იმ ადამიანების საფლავები, ვისაც არავინ ჰყავს, მოუვლელია. ჩვენს კანონპროექტში, რომელსაც 2-3 თვეში წარმოვადგენთ, ზუსტად გავწერთ, როგორ უნდა მოხდეს მათი პატრონობა. შესაძლოა, მსგავსი საფლავების მოვლა იმ რაიონის მუნიციპალიტეტებს დაევალოს, სადაც სასსაფლაოა განთავსებული“,- აღნიშნა თედო კობახიძემ.
კობახიძის თქმით, იგეგმება სასაფლაოების ინფრასტრუქტურის განვითარებაზეც მუშაობა. ამ კუთხით სასაფლაოებზე უფრო მეტი გამწვანება იქნება. გაკეთდება გზები და დამონტაჟდება განათება.