ღამის საათებში 30 დეციბელზე მეტი ხმაურისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან

ხმაურის რეგულაციის შესახებ ახალი კანონი ხმაურის სიმძლავრეს მხოლოდ ღამის საათებში – 23:00-საათიდან, 07:00 საათამდე დაარეგურირებს,- ამის შესახებ პორტალ “კვირას” პრესკლუბში თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ ისაუბრა.
კობახიძის განმარტებით, კანონის პირველ ვარიანტში, რომელიც რეგულაციებს დღის საათებშიც გულისხმობდა, ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც რეგულაციები მხოლოდ ღამის საათებში აქტიურდება. კანონპროექტმა საკომიტეტო მოსმენები უკვე გაიარა და ბიუროზე დარეგისტრირდა. ხმაურის სიმძლავრის კონტროლი საპატრულო პოლიციას დაევალება, დადგენილი 30-დეციბელიანი ზღვარის დარღვევის შემთხვევაში კი მას ენიჭება უფლებამოსილება, გამოწვეული ხმაურისთვის როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი დააჯარიმოს.
„კერძო თუ იურიდიული პირისათვის დადგენილ საათებში ხმაურის მაქსიმალური სიმძლავრე 30 დეციბელი იქნება. ეს ვრცელდება რესტორნებსა და იმ ობიექტებზეც, რომლებიც ღამით მუშაობენ. მათ შეუძლიათ, ძველებურად გააგრძელონ საქმიანობა, ოღონდ კედლის ან რაიმე სხვა მექანიზმით უნდა მოხდეს ხმაურის ჩახშობა ისე, რომ ის მთელი სიმძლავრით არ აღწევდეს გარეთ. ხოლო თუ ხმაური მოსახლეს შეაწუხებს, ადგილზე მისული საპატრულო პოლიცია მაცხოვრებლის საცხოვრებელ ადგილზე მოახდენს შემომავალი ხმაურის სპეციალური მოწყობილობით გაზომვას. დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 150 ლარით, იურიდიული კი 500 ლარით დაჯარიმდება. მხგავსი ფაქტის გამეორების შემთხვევაში კი თანხა გაორმაგდება“,- განაცხადა თედო კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები