ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობა 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიან რეფორმებს ატარებს

ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველო არის წევრი “ღია მმართველობის პარტნიორობის” და, ამავდროულად, გასულ წელს ჩვენ გავხდით მმართველი კომიტეტის წევრი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგამოფენო ცენტრ “ექსპო-ჯორჯიაში”, “ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიან რეფორმებს ატარებს. “ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველო არის წევრი “ღია მმართველობის პარტნიორობის” და, ამავდროულად, გასულ წელს ჩვენ გავხდით მმართველი კომიტეტის წევრი. შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ საქართველო შეირჩა ადგილად, რომელიც უმასპინძლებს ევროპის რეგიონულ კონფერენციას. ჩვენი მთავრობა 2012 წლის ოქტომბრიდან საქართველოში ფართომასშტაბიან რეფორმებს ატარებს. ჩვენ ვართ 29-ე ადგილზე მთავრობის გამჭვირვალობის კუთხით მთელ მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის, რომ დღეს თქვენ – ყველანი ერთად აქ შეიკრიბეთ და მე, მართლაც, მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, რეფორმები, რომლებიც მთავრობამ წამოიწყო, ატარებს ინსტიტუციონალური დემოკრატიის, ანუ ეფექტიანი ინსტიტუტების სისტემის დამკვიდრებისთვის მისწრაფებას.
“ჩვენ ვართ, მართლაც, ბედნიერი, რადგან ჩვენი რეფორმებით, მიდგომებით, გახსნილობით, ღია მმართველობის სტილით და ანგარიშვალდებულებით მოქალაქეებისადმი დავამტკიცეთ, რომ ვართ მოწოდებულნი, რეალურად ნამდვილი, ჭეშმარიტად დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისთვის. რეფორმები, რომლებიც ჩვენ წამოვიწყეთ, ატარებს ინსტიტუციონალური დემოკრატიის, ანუ ეფექტიანი ინსტიტუტების სისტემის დამკვიდრებისთვის მისწრაფებას და ამიტომ “ღია მმართველობის პარტნიორობა” ჩემთვის პირადად და მთავრობის თითოეული წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ იდეა ან ინიციატივა. ჩვენ – ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ინსტიტუციონალური დემოკრატიის დამკვიდრებისთვის მხოლოდ ინსტიტუტების ცვლილება საკმარისი არ არის, საჭიროა, ასევე ცვლილება ინსტიტუციონალურ კულტურაში და სწორედ მმართველობის კულტურის ცვლილება არის ღია მმართველობის ინიციატივის ძირითადი პრინციპი, რომელიც ამოძრავებს და აერთიანებს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები