თეა წულუკიანმა “ღია მმართველობის პარტნიორობის” კონფერენციის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, “ღია მმართველობის პარტნიორობის” რეგიონული კონფერენციის საქართველოში ჩატარება იმ რეფორმების შედეგია, რაც მთავრობამ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაატარა. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს “ღია მმართველობის პარტნიორობის” ევროპის რეგიონული კონფერენციის გახსნამდე განუცხადა. მისი თქმით, ამ კუთხით, საქართველო ევროპის ქვეყნებში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი მაგალითი.
“ეს არის იმ რეფორმების შედეგი, რაც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში გავატარეთ, რამაც გამოიწვია ის, რომ შარშან აგვისტოში აგვირჩიეს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით მმართველი კომიტეტის წევრად ათ სხვა ქვეყანას შორის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მისივე თქმით, მთლიანობაში ამ ორგანიზაციაში 70-მდე ქვეყანაა გაწევრიანებული, დღეს თბილისში ჩამოსულია ევროპული ქვეყნების დელეგაციები.
“ამ კონფერენციის მიზანი არის ის, რომ ჩვენ – ევროპელმა ქვეყნებმა ერთმანეთს კიდევ ერთხელ გავუზიაროთ, თუ როგორ ვმართავთ ქვეყანას, როგორია ღია მმართველობა სხვადასხვა ქვეყანაში, როგორია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ევროპის ქვეყნებში მიჩნეულია, როგორც ერთ-ერთი მაგალითი”, – განაცხადა წულუკიანმა. ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები