მიხეილ სააკაშვილი: ფული არავის მოვაპარინე, ვაჯექი ზემოდან და მე ვაკონტროლებდი

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლარის კურსის ვარდნის პროცესზე  გადაცემა „არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტმა აღნიშნა, მისმა გუნდმა ახალ მთავრობას ბიუჯეტში ბევრი ფული დაუტოვა, თუმცა მათ ეს ვერ გამოიყენეს.
„როდესაც ჩვენ გადავაბერეთ ივანიშვილს მთავრობა, ქართული ვალუტის კურსი იყო 1.62, იმაზე ნაკლები ვიდრე მაშინ, როდესაც შევარდნაძისგან ჩვენ ჩავიბარეთ. ჩვენ დაუტოვეთ მათ ძალიან ბევრი ფული, ეს ფული იყო განვითარებისთვის, ეს ფული არავის მოვაპარინე, ვაჯექი ზემოდან და მე თვითონ ვაკონტროლებდი, რომ არავის არ მოეპარა. ეს რამდენიმე მილიარდი იყო იმისთვის, რომ აგვეშენებინა ლაზიკის პორტი და ათობით მილიარდი ამოგვეღო იმ დახარჯული ასეული მილიონიდან. აგვეშენებინა სვანეთის გვირაბი, დაგვემთავრებინა  თბილისში შემოვლითი გზა, რომ არ ყოფილიყო საცობები… საცობები მარტო დისკომფორტი კი არ არის, არამედ ეკონომიკას ბლოკავს – ერთი ადგილიდან მეორეში ვერ მიდიხარ, ვერ მოძრაობ.
ეს ყველაფერი ამათმა აიღეს, დიდი ნაწილი მოიპარეს, ნაწილი დახარჯეს თავის პოპულისტურ, იაფფასიან პროგრამებზე, რომელმაც კონკრეტულ ადამიანებს სარგებელი ნამდვილად მოუტანა, მაგრამ ერთჯერადი სარგებელი იყო, გრძელვადიან განვითარებაზე არ იყო მორგებული. მერე ეს ფული დამთავრდა, შემოსავლებში გარღვევა აქვთ. ამ სიტუაციაში კი ახალი ინვესტიციები არ შემოდის, იმიტომ რომ კურსი არ არის ნათელი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები