ესტონეთის პრეზიდენტი: 2008 წელს მანქანით ჩამოვედით საქართველოში, გახურებული ომის პერიოდში
ევროპის უსაფრთხოების გარემო დღეს მთლიანად შეცვლილია და ამის საწყის წერტილად ჩვენ შეგვიძლია მივიჩნიოთ 2008 წელი საქართველოში, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა ქართველ კოლეგასთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“შესანიშნავია, რომ კვლავ ვიმყოფები საქართველოში. მე 2011 წელსაც ვეწვიე საქართველოს ბათუმში, რომ არაფერი ვთქვათ 1997 წელსა და 1988 წელზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მოვლენა გახლდათ 2008 წელს სტუმრობა, რადგან რუსეთის ცაზე გადმოფრენა მაშინ არ იყო ძალიან უხიფათო და აზერბაიჯანიდან, შემოვლითი გზებით მომიწია საქართველოში ჩამოღწევა. მეტიც, მანქანით ჩამოვედით საქართველოში, სწორედ გახურებული ომის პერიოდში“, – განაცხადა ტოომას ჰენდრიკ ილვესმა.
მისივე თქმით, რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრით განვითარებული პროცესები სხვა სახელმწიფოებსაც შეეხო.
“დღეისთვის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიმყოფებით ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გზაჯვარედინზე, მაშინ, როდესაც ევროპის უსაფრთხოების გარემო მთლიანად შეცვლილია და ამის საწყის წერტილად შეგვიძლია მივიჩნიოთ 2008 წელი საქართველოში, რუსეთის შემოჭრის სახით. ჩვენც შეგვეხო მთელი ეს პროცესი – ლატვიელებს, ლიტველებს, ესტონელებს. ფაქტობრივად, ამის შედეგად ახალი უსაფრთხოების გარემო შეიქმნა”, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა.