გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
“საქართველოში ბატონი ტოომას ჰენდრიკ ილვესის ბოლო ვიზიტი შედგა 2008 წელს, იმ მომენტში , როცა ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირდა და ის იდგა ჩვენს გვერდით“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგას და ხალხს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“საქართველოში ბატონი ტოომას ჰენდრიკ ილვესის ბოლო ვიზიტი შედგა 2008 წელს, იმ მომენტში , როცა ჩვენ ყველაზე მეტად გვიჭირდა და ის იდგა ჩვენს გვერდით. ამიტომ პირადად მინდა მას მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. მინდა მადლობა ვუთხრა მთელ ესტონელ ხალხს, რადგან წლების განმავლობაში ვიღებთ იმ მხარდსაჭერას, რომელიც გვჭირდება ჩვენი სერიოზული გეგმების მისაღწევად – ეს ეხება, როგორც ჩვენს ევროინტეგრაციულ პროცესს, ისე ევროატლანტიკურ დღის წესრიგს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ესტონელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ესტონეთის პირველი პირის ვიზიტი კიდევ უფრო ახალ იმპულსს მისცემს იმ ძალიან ინტენსიურ თანამშრომლობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
“იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი ჩვენს ურთიერთობებს, რომლებიც ვითარდება, ფაქტობრივად, ყველა სფეროში, მისცემს კიდევ უფრო დინამიურ განვითარებას”, – აღნიშნა მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი არა მარტო პოლიტიკურად – ევროკავშირის და ნატოს ფორუმების ფარგლებში, არამედ “პიროვნულადაც” გვეხმარება.
“ის გზა, რომელიც ესტონეთმა საბჭოთა კავშირის მეკავშირე რესპუბლიკიდან ევროკავშირის და ნატოს წევრ ქვეყანამდე განვლო, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ ამ გზას და წარმატებას, რასაც ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამ მიაღწია”, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
რაც შეეხება შეხვედრაზე განხილულ საკითხებს, გიორგი მარგველაშვილის თქმით, საუბარი შეეხო როგორც საქართველოში, ისე რეგიონში არსებულ ვითარებას.
“შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოში, ასევე რეგიონში არსებული ვითარება და ის გამოწვევები, რომლებიც დგას არა მარტო აღმოსავლეთ პარნტიორობის ქვეყნების, არამედ, ფაქტობრივად, მთელი ევროპული უსაფრთხოების წინაშე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.