დავით უსუფაშვილი ეუთოს თავმჯდომარეს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოში ოფიალური ვიზიტით მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, სერბეთის პირველ ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ივიცა დაჩიჩს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ისაუბრეს ეუთო – საქართველოს თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ეუთოს მანდატის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, დღეს, ეუთო სასურველი მასშტაბით ვერ არის წარმოდგენილი საქართველოში, თუმცა ეუთოს სტრუქტურებთან მიმდინარეობს მუშაობა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, მათ შორის პარლამენტის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
შეხვედრის მონაწილეების განცხადებით, ქვეყანაში უნდა მოხდეს იმ იდეების და პრინციპების გაზიარება, რაზეც ეუთოა დაფუძნებული, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის პროგრესს.
დავით უსუფაშვილისა და ივიცა დაჩიჩის შეხვედრის ერთ-ერთი თემა იყო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ მისწრაფებები. მხარეებმა განაცხადეს, რომ რეგიონის განვითარებისთვის სტაბილურობა და უსაფრთხოება გადამწყვეტია. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის არჩევანი და საერთო მიზანია.