დავით საგანელიძე: არსად არ მივდივარ, ვრჩები ჩემს თანამდებობაზე“
გავრცელებული ინფორმაციას, რომ დავით საგანელიძემ თანამდებობა დატოვა, თავად უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება. საგანელიძემ აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი თავად გუნდი გადაწყვეტს, რომ მან სხვა თანამდებობა უნდა დაიკავოს, შესაძლოა, ასეთ შემთხვევაში დათანხმდეს გარკვეული ტიპის შეთავაზებას.
„არსად არ მივდივარ, არანაირი განცხადება მე არ გამიკეთებია, ვრჩები ჩემს თანამდებობაზე მანამ, სანამ ის გუნდი, რომლის წევრი მე ვარ, ჩათვლის, რომ ჯობია, მე ამ თანამდებობაზე ვიყო და ეს საქმე ვაკეთო. არასოდეს არ გამოვრიცხავ და არც ახლა, რომ თუ გუნდი ჩათვლის, რომ ჯობია დათო საგანელიძე ამ რგოლის მაგივრად რომელიმე სხვა რგოლში გადავიდეს და სხვა მიმართულებით აკეთოს საქმე, მე ნამდვილად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც გამოვეკიდები პარლამენტარის მანდატს“,- განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, თუ სადმე სხვა თანამდებობაზე წასვლა დააპირა, ის თავად გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას.
„თუ სადმე, რომელიმე თანამდებობაზე გადავალ, პირობას გაძლევთ, ჩავატარებ ბრიფინგს და პირველი ამას თქვენ გაიგებთ“,- განაცხადა საგანელიძემ.