ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში იმყოფება

ესტონეთის პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოში იმყოფება. ესტონეთის პრეზიდენტს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე და ესტონეთის ელჩი დახვდნენ.
“ესტონეთის პრეზიდენტი, ბატონი ილვესი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან პირველი პრეზიდენტია, რომელიც რიგის სამიტის შემდეგ სტუმრობს საქართველოს. ეს ვიზიტი ხაზს უსვამს ასევე საქართველო-ესტონეთის განსაკუთრებულ, მჭიდრო პარტნიორობას, რომელსაც აქვს, პრაქტიკულად, 20 წლის ისტორია. მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ესტონეთი აგრძელებს, იყოს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული პარტნიორი, მისი ევროპული და ევროატლანტიკური პრიორიტეტების მყარი, უპირობო და ძალიან აქტიური მხარდამჭერი”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის სასახლეში ტოომას ჰენდრიკ ილვესის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.
საქართველოსა და ესტონეთის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
ვიზიტის მეორე დღეს, ტოომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს შეხვდება. ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. დაგეგმილია ტოომას ჰენდრიკ ილვესის სიტყვით გამოსვლა საქართველოს ატლანტიკურ საბჭოზე.
ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ორგანიზაბულ ღონისძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები