ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) საქართველოში აგროსასურსათო სექტორის განვითარებას დააფინანსებს
EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ვილჰელმ მოლტერერმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ხელი მოაწერეს განზრახულებათა შესახებ მემორანდუმს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში საქართველოში მეღვინეობის, მებაღეობისა და მებოსტნეობის განვითარების მიმართულებით მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას გულისხმობს. ეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოს აგროსასურსათო სექტორში დაფინანსებული პირველი პროექტია.
აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება საქართველოს ეკონომიკის მნიშნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დაეხმარება საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების მოქმედების ფარგლებში მაქსიმალური სარგებელი მიიღოს. DCFTA ამოქმედება, აგრარული სექტორის მხარდაჭერა და საქართველოში წარმოებული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ხელს შეუწყობს ევროკავშირში ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ზრდას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო ვაჭრობის მთლიანი მოცულობის მეოთხედი სწორედ ევროკავშირზე მოდის.
ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმი 2014 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.