არსენი იაცენიუკი ალექსანდრე კვიტაშვილს 3 თვეს აძლევს
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს ალექსანდრე კვიტაშვილს ჯანდაცვის სიტემის რეფორმირების კონკრეტული შედეგების წარმოსადგენად 3 თვეს აძლევს, – ამის შესახებ არსენი იაცენიუკმა ჯანდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს სამი თვე. არის პარლამენტი, ის ცვლილებებს ითხოვს, არის სამინისტრო, რომელიც ცვლილებებს სთავაზობს. სექტემბრისთვის უნდა იყოს კონკრეტული შედეგი როგორც საკანონმდებლო ბაზის, ასევე სამედიცინო პრეპარატების და წამლების შეძენის კუთხით. სექტემბრამდე მე ყველა სამინისტროს დავივლი, რადგანაც ვხედავ, რომ კოალიციის ზოგიერთ წევრს ალბათ დაავიწყდა, თუ რა არის კოალიციური მთავრობა“, – განაცხადა იაცენიუკმა.
მისი თქმით, ჯანრთელობის დაცვაში სერიოზული პრობლემების გამო ქვეყანაში ცხოვრების დაბალი ხანგრძლივობაა, რაც ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
კვიტაშვილის განცხადებით, სამედიცინო სფეროს რეფორმირების კანონპროექტები შემუშავებულია და პარლამენტში შესაბამისი ინიციატივები მიმდინარე კვირას იქნება წარმოდგენილი.