თამარ ბერუჩაშვილი: ვიმედოვნებ, რომ გალში ეუთოს მისია აღდგება
სერბეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით, პირველი ნაბიჯი დღეს გადაიდგა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუცაშვილმა სერბ კოლეგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ორმხრივი სურვილია, ქვეყნებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული მიმართულებით განვითარდეს.
„დღეს სერბეთის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტია საქართველოში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ 2 მიმართულებით: ურთიერთობა ორმხრივ დონეზე სერბეთთან და მეორე, ურთიერთობა ეუთოს ფარგლებში. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე სიტუაციას, გახშირდა ადმინისტრაციული ხაზის მიმდებარე სოფლებში, საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები. შეხვედრაზე ასევე განსაკუთრებულად ხაზი გავუსვით რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებთან ე.წ. ხელშეკრულებების ხელმოწერის საკითხს. აღინიშნა, რომ რუსეთის ქმედებები წინააღმდეგობაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და პრინციპებთან. საქართველოს ოკუპირებული რეგიონები საერთაშორისო სამართლის სუბიექტებს არ წარმოადგენენ და შესაბამისად, ნებისმიერი მცდელობა, დაიდოს მათთან რაიმე სახის ხელშეკრულება, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას და არ გააჩნია იურიდიული ძალა. ნათელია, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმებას აქვს კიდევ უფრო შორს მიმავალი მიზანი, რადგან ეს არის საქართველოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმული კონკრეტული ნაბიჯი“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სერთაშორისო თანამეგობრობას, მათ შორის ეუთოს, მოუწოდებს, შესაბამისი პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცენ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებს.
„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ქართული მხარის დაინტერესება, გაიზარდოს ეუთოს ჩართულობა ამ კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. საუბრისას ხაზი გავუსვით რუსეთის მხრიდან ქართული მხარის საპასუხო ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიული ძალის მქონე ვალდებულების აღებისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით. კმაყოფილება გამოვთქვით ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების შეხვედრებში ეუთოს მონაწილეობასთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო ძალისხმევით ანალოგიური მექანიზმის აღდგენა შესაძლებელი გახდება გალშიც“, – აღნიშნა მინისტრმა.