ივიცა დაჩიჩი: ეუთო ცდილობს, არცერთი კონფლიქტური რეგიონი ყურადღების მიღმა არ დარჩეს
მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში კრიზისია და ეს არის მთელი მსოფლიოს ინტერესის ცენტრში, ეუთო ცდილობს არცერთი კონფლიქტური რეგიონი ყურადღების მიღმა არ დარჩეს, – ამის შესახებ სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ივიცა დაჩიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველ კოლეგასთან – თამარ ბერუჩაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დაჩიჩის თქმით, მან გადაწყვიტა, რომ ყველა ასეთი რეგიონი მოინახულოს. მისვე თქმით, გუშინ აზერბაიჯანში იმყოფებოდა, დღეს საქართველოში, ხოლო ხვალ სომხეთში გაემგზავრება.
“დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ინვესტიციების თემა, ეკონომიკური საკითხები. დღეს ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ მინიმალურ დონეზეა, თუმცა ჩვენ ვგავართ ერთმანეთს ბევრი კუთხით. ჩვენ პრინციპულ პოზიციას ვინარჩუნებთ ერთმანეთის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ”, – განაცხადა ივიცა დაჩიჩმა.
ამასთან, როგორც ივიცა დაჩიჩმა აღნიშნა, სერბეთი და საქართველო მეგობარი ქვეყნები არიან და ორივე ქვეყანას სურს, მომავალში ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაგრძელდეს, გაღრმავდეს და გაფართოვდეს.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა და სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივიცა დაჩიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღებისგან გათავისუფლებას გულისხმობს.