„სითი პარკთან“ დაკავშირებით მიღებული ახალი კანონი 15 ივნისიდან ამოქმედდება
„ჩვენ მივიღეთ კანონი, რომლის მიხედვითაც დგომა გაჩერების წესების დარღვევისთვის, თუ პირის მიერ ავტომობილის არასწორად გაჩერება არ უზღუდავს სხვა მოქალაქეებს გადაადგილებას, მას „სითი პარკი“ საჯარიმო ავტოსადგომზე ვეღარ გადაიყვანს. კანონი 15 ივნისიდან ამოქმედდება“,- აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ქუცნაშვილის თქმით, დგომა – გაჩერების წესების დარღვევის გამო მოქალაქე ადრე, ადმინისტრაციულთან ერთად, კერძო ჯარიმითაც ჯარიმდებოდა, მიუხედავად იმისა, ქმნიდა თუ არა ის კონკრეტული დარღვევით რაიმე პრობლემას. ახალი კანონის მიღების შემდეგ, გადაყვანის შესაძლებლობები მკვეთრად გაწერილი იქნება. გადაყვანის შემდგომ კი მეპატრონე ავტომობილს იოლად იპოვნის.
„აღნიშნული კანონის მიღებამდე პირი დარღვევის გამო 10 ლარით ჯარიმდებოდა, თუმცა, გარდა ამისა, ოპერატორ კომპანიებს ჰქონდათ უფლება, მანქანა სპეციალურ სადგურზე გადაეყვანათ და დამატებით კერძო ჯარიმის სახით დღეში 70-80 ლარის გადახდა უწევდათ. დგომა- გაჩერების წესის დარღვევისთვის მოქალაქე ფაქტობრივად ორჯერ ჯარიმდებოდა. მოქალაქეებს საკუთარი მანქანის პოვნისთვის თბილისის სამი სპეციალური ავტოსადგომის შემოვლა უწევდათ, რომ გაერკვიათ, სად იყო გადაყვანილი მისი მანქანა და ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ტაქსებით ეძებდნენ მას. გადაყვანის შემთხვევაში დღეს მათ ზუსტად ეცოდინებათ, სად იმყოფება მათი მანქანა. მოქალაქე სმს შეტყობინების ველში აკრეფს საკუთარი მანქანის სახელმწიფო ნომერს, რის შემდეგაც მას რამდენიმე წამში მიუვა პასუხი იმის შესახებ, თუ სად იმყოფება მისი ავტომობილი“,- აღნიშნა ქუცნაშვილმა.