პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს
პარლამენტი მთავრობის საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფას, საპოლიციო და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების ერთმანეთისგან გამიჯვნას ითვალისწინებს. საკითხს მიმდინარე კვირის განმავლობაში კომიტეტებში განხილვენ, მომავალ კვირას კი, პირველი მოსმენით სესიაზე გავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი ზვიად ოქროპირიძე საკანონმდებლო პაკეტს ამ წუთებში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანდაცვის და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების წევრებს აცნობს.
ზვიად ოქროპირიძის განცხადებით, რეფორმის მთავარი პრინციპი უწყების დეპოლიტიზებაა. მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია 55 კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი. აქედან მთავარი კანონპროექტებია: “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” პროექტი და “პოლიციის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა ამოქმედებაც 1-ელი აგვისტოდან არის დაგეგმილი. შესაბამისად, პირველი აგვისტოდან შეიქმნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც მთავრობის დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების დაწესებულება იქნება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს პარლამენტი აირჩევს.
სამსახური ორმაგ დაქვემდებარებაში იქნება: – ის ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და მთავრობის წინაშე. დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაში გადავა ისეთი დანაყოფები, როგორიც არის: კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, კონტრტერორისტული ცენტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანტიკორუფციული სააგენტო, სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტი – ე.წ. შავნაბადას დანაყოფი. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი საპოლიციო დანაყოფები რჩება: კრიმინალური პოლიცია, საპატრულო პოლიცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, მომსახურების სააგენტო, დაცვის პოლიცია, საგანგებო სიტუაციების სააგენტო.