ქუცნაშვილი გუბერნატორის მოადგილისგან ხელისუფლებაში მყოფი შესაძლო დამნაშავე პირების ვინაობის დასახელებას მოითხოვს
მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის განცხადებას, რომლითაც ის დეპუტატებსა და სამინისტროს წარმომადგენლებს კორუფციაში ადანაშაულებდა, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამოეხმაურა და მაღალჩინოსანს კონკრეტული საქმეებისა და პირების დასახელება მოსთხოვა, რომლებიც, მისი ვარაუდით, კორუფციულ სქემებში მონაწილეობენ.
ნუგზარ ყიფიანის მოადგილის განცხადებას ქუცნაშვილმა მტკნარი სიცრუე უწოდა და მისი დაუსაბუთებელი განცხადების გამო გუბერნატორის მოადგილის შესაძლო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დასმასაც შეეხო.
„მცხეთა – მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ გააკეთა განცხადება, რომ მინისტრები, პარლამენტის წევრები და სხვა პირები ჩართულნი არიან მაქინაციურ და კორუფციულ ჯაჭვში, რაც სახელმწიფო შესყიდვებში არსებული პრობლემების, უხარისხო წარმოების ან მათი ჩავარდნის მთავარი მიზეზია. ეს განცხადება მტკნარ სიცრუეს წარმოადგენს და იქ მოყვანილი ფაქტები სინამდვილეს არ შეესაბამება. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი ასეთ უპასუხისმგებლო განცხადებას აკეთებს, მოუწევს დაასახელოს, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც ამ მაქინაციურ ჯაჭვში მონაწილეობენ. მან უნდა დაასახელოს ყველა ის დეპუტატი, მინისტრი თუ სხვა თანამდებობის პირები, რომელებიც, მისი თქმით, ჩართულები ვართ ამ კორუფციულ პროცესებში. ხომ უნდა ვიცოდე, ვისთან მაქვს წილი მისატანი? მან აღნიშნა, რომ აღნიშნული ფატების შესახებ მთავრობის ადმინისტრაციასაც აყენებდა საქმის კურსში, დაასახელოს, ვინ, როდის და რა საქმეებთან მიმართებაში ჩააყენა საქმის კურსში“,- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დეპუტატმა მცხეთა – მთიანეთში მთავრობის წარმომადგენელს ნუგზარ ყიფიანს მოუწოდა, საჯარო განცხადება გააკეთოს იმის თაობაზე, რამდენად იზირებს ის მისი მოადგილის უპასუხისმგებლო განცხადებას. ქუცნაშვილმა მცხეთა – მთიანეთის წარმომადგენელი დეპუტატების სახელით გუბერნატორის მოადგილეს შესაძლო დამნაშავე პირების დასახელება მოთხოვა.
„ მნიშვნელოვანია, იზიარებს თუ არა ნუგზარ ყიფიანი მისი მოადგილის ეჭვებს და არასწორ განცხადებას. ყიფიანმა ამის შესახებ საჯარო განცხადება უნდა გააკეთოს. მცხეთა – მთიანეთის რაიონის დეპუტაცია -მირიან წიკლაური, ერეკლე ტრიპოლსკი, დიმიტრი ხუნდაძე და მე ვითხოვთ, ჩვენს გარდა, იმ მინისტრების და მთავრობის ადმინისტრაციის წარმოამდგენლების დასახელებას, რომლებიც მაქინაციური სქემების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ, ან უშუალოდ მონაწილეობდნენ მასში. სახელმწიფო შესყიდვებს, რაზეც გუბერნატორის მოადგილე საუბრობდა, პარლამენტი არ ატარებს და მასში არანაირი მონაწილეობის არც უფლება და არც საშუალება დეპუტატს არ აქვს. ნუგზარ ყიფიანის მოადგილეს მოუწევს, დაასახელოს სავარაუდო დამნაშავე ადამიანები, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას დაუსაბუთებელი ბრალდებების და უპასუხიმგებლო, ცრუ განცხადების გაკეთების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს“,- განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.