საგარეო უწყებაში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის პირველი სხდომა მიმდინარეობს. სხდომას ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე ხელმძღვანელობს, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელი გუნარ ვიგანდი.
სხდომაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს შესაბამისი უწყებების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისა და ევროკომისიის წარმომადგენლები.
სხდომის ფარგლებში განიხილება საქართველო-ევროკავშრის თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები. კერძოდ, მხარეები მსჯელობენ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე. ასევე ყურადღება გამახვილდება საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგზე, განიხილავენ ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და რეგიონული განვითარების სფეროებში. შეხვედრაზე ასევე იმსჯელებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებზე.