სააკაშვილი ოდესაში „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპის გატარებას აპირებს
ოდესის ოლქის ახლად დანიშნული გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კორუფციის მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პრინციპის გატარებას აპირებს. პირველ რიგში, ის კონკურსის საფუძველზე რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა შერჩევას გეგმავს. ამის შესახებ საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრაზე. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის მან ასევე დაასახელა კონტრაბანდასთან ბრძოლა და სამართალდამცველი ორგანოების განახლება.
სააკაშვილის თქმით, რეგიონში დღეს ძალზე რთული კრიმინოგენული მდგომარეობაა. თავის მხრივ, პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ აუცილებელია რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნება, კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკის რეფორმირება და ხელისუფლების დეცენტრალიზაცია. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ მოსახლეობამ რეფორმების შედეგი უკვე ერთი წლის შემდეგ უნდა იგრძნოს. პოროშენკო ამბობს, რომ ხელისუფლებისა და სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ოდესის ოლქის მოსახლეობის ნდობა უნდა გაიზარდოს.