ლია მუხაშავრია: მოქალაქეობის საკითხი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ცვლის
პოლიტიკური სფეროს ექსპერტები მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში ექსპრეზიდენტის პოლიტიკურ და სამართლებრივ სტატუსზე საუბრობენ. ლია მუხაშავრიას განცხადებით, მოქალაქეობის საკითხი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ ცვლის, თუმცა ეს შეიძლება დაბრკოლება გახდეს ექსტრადირების დროს, რადგან ექსტრადაცია სწორედ იმ ქვეყანაში უნდა გახორციელდეს, რომლის მოქალაქეც ბრალდებულია. ლია მუხაშავრია განმარტავს, როცა საქმე უმძიმეს დანაშუალებს ეხება, უნივერსალური იურისდიქციის პრინციპით ექსტრადირება მაინც ხდება.
„ბრალდების ხარისხის და სიმძიმის გათვალისწინებით თუკი სააკაშვილს წაეყენება ბრალდება უმძიმეს დანაშაულებში, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის დანაშაულებში, მაშინ მოქმედებს უნივერსალური იურისდიქციის პრინციპი, რომელიც არც ექსტრადირების პროცედურას არ გულისხმობს და არც პრეზიდენტის იმუნიტეტის აღჭურვილი პირის პასუხისმგებლობისგან და დაპატიმრებისგან გათავისუფლებას“,-განაცხადა ლია მუხაშავრიამ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება არა აქვს, მაგრამ, მისი აზრით, სააკშვილი შესაძლოა მაინც დარჩეს „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ ლიდერად.
„სამართლებრივად შეუძლებელია,რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე მონაწილეობდეს საქართველოს პოლიტიკაში, ამიტომ როგორც კი მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, ის ვალდებული იქნება, დატოვოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტი“,-აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.