„ვესტი.რუ“ – „ოდესა სააკაშვილს ჩაყლაპავს“
ოდესა თავისუფლად ჩაყლაპავს მიხეილ სააკაშვილს და ცხოვრებას გააგრძელებს. რუსული გამოცემა „ვესტი.რუ“ ამ სათაურით ჟურნალისტ მაქსიმ კონონენკოს სტატიას აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ოდესის გუბერნატორად სააკაშვილის დანიშვნა, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ კატეგორიულად გამორიცხავდა უკრაინის მოაქლაქეობის მიღებას, მხოლოდ მოსამზადებელი ეტაპია მისი უფრო მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის წინ.
მაქსიმ კონონენკოს აზრით, ეს სავარაუდოდ, უკრაინის პრემიერ-მინისტრის პოსტი უნდა იყოს, რომელსაც დღეს პრეზიდენტი პოროშენკო პრაქტიკულად ვერ აკონტროლებს. საკაშვილი კი „მისი“ კაცია და, შესაბამისად, ბოლო საკადრო გადაწყვეტილებები იმას უნდა ნიშნავდეს, რომ პეტრო პოროშენკომ საკუთარი პოლიტიკური თამაში წამოიწყო.
რაც შეეხება ოდესაში სააკაშვილის მოღვაწეობას, ჟურნალისტის აზრით, ქალაქი, რომელიც დააარსა გერმანელმა ეკატერინე მეორემ ესპანელი ოსიპ დე რიბასის შეთავაზების საფუძველზე, ააშენა ბელგიელმა არქიტექტორმა ფრანც დე ვოლანმა და რომელსაც სათავეში ჩაუდგა ფრანგი არმან-ემანუელ დე რიშელიე, რთულია რაიმეთი გააკვირვო. ამიტომ ოდესა ქართველ სააკაშვილს უბრალოდ ჩაყლაპავს და ცხოვრებას გააგრძელებს. ასე, რომ სააკაშვილი ოდესას ვერაფერს დაუშავებს, – მიაჩნია რუს ჟურნალისტს.