თამარ ბერუჩაშვილი: ჩვენ უკრაინაში დაგეგმილი გვაქვს კულტურის მინისტრის ვიზიტი
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე უკრაინაში ვიზიტს გეგმავს – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თამარ ბერუჩაშვილმა ჟურნალისტებთან იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, იგეგმება თუ არა უკრაინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი, როგორც ეს დაანონსებული იყო. მინისტრის განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს შორის მაღალ დონეზე ვიზიტების მომზადება მიმდინარეობს.
“უკრაინაში განხორციელდა რიგი ვიზიტებისა მინისტრების დონეზე. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი კიდევ ერთი ვიზიტი, ეს იქნება კულტურის მინისტრის ვიზიტი, განხორციელდა პრეზიდენტის ვიზიტი, და როგორც უკვე ითქვა, მიმდინარეობს ვიზიტების მომზადება მაღალ დონეზე. საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმ პარტნიორობას, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა ორ ქვეყანას შორის. ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები, საერთო ამოცანები, საერთო საფრთხეები და გავაგრძელებთ ამ მიმართულებით ერთად მუშაობას”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.