ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სამეგრელოს ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2 ივნისს სამეგრელოს რეგიონს ეწვევა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, 13:30 საათზე, მთავრობის მეთაური სოფელ ცაიშში, კომპანია “STIMOR Associate” -ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა. 14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში McDonald’s-ს გახსნის და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს.
14:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლეს ესტუმრება, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დაათვალიერებს.
მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება აშშ-ს საელჩოს მიერ დადიანების ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა. 15:20 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აშშ-ს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ბაზრობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას, ირაკლი ღარიბაშვილი 16:00 საათზე სოფელ რუხშიც ჩავა, სადაც მშენებარე მულტიფუნქციური საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის პროექტებს გაეცნობა.