ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე აღნიშნა
ავსტრალიაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღე ქ. სუვაში (ფიჯი) აღნიშნა. ღონისძიებას დაესწრნენ პარლამენტისა და სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ფიჯიზე აკრედიტებული დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რაგბის კავშირის აღმასრულებელი დირექტორი და კერძო კომპანიების წარმომადგენლები. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა, საქართველოს ეროვნული დღისადმი მიძღვნილი მიღება იყო მცირე გამონაკლისთაგანი, როცა წარმოდგენილნი იყვნენ ფიჯის რესპუბლიკის პრეზიდენტი, მთავრობის მოქმედი მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი. მიღების ფარგლებში, მოეწყო ქართული კუთხე ეროვნულ მოტივებზე შექმნილი სუვენირებით, ტანისამოსით და ტურისტული ბროშურებით. ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები და ფოტოკოლაჟი საქართველოს შესახებ. მოწვეულ სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობაც მიეცათ.