სოზარ სუბარი: სააკაშვილის მოყოლილი ზღაპრების არ მჯერა
დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ექსპრეზიდენტს უშიშროება უთვალთვალებდა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას სააკაშვილის მოყოლილი ზღაპრების არ სჯერა.
„სუს-ის თანამშრომლები სად არიან გაგზავნილნი, ამის თაობაზე სააკაშვილის ზღაპრების დიდად არ მჯერა. როდესაც, ვახტანგ კომახიძესთან ციურიხში ჩავედი, ციურიხის პოლიციამ კუდ-ის ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებიც შემოსულნი იყვნენ სასტუმროში იმისთვის, რომ ჩემი, კომახიძისა და არჩილ კბილაშვილის საუბარი ჩაეწერათ. ისინი ციხეში ისხდნენ და ეს იყო კუდ-ის მუშაობის შედეგი. სუს-ის თანამშრომლები სად არიან გაგზავნილნი, ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არც მე, არც კომახიძე და არც კბილაშვილი დამნაშავეები და ძებნილები არ ვიყავით, განსხვავებით სააკაშვილისგან“, – განაცხადა სუბარმა.
მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მასზე თვალთვალის მიზნით, საქართველოდან უშიშროების თანამშრომლები გაგზავნეს.
„გამოგზავნეს სუს-ის თანამშრომლები, რომ ჩემზე ეწარმოებინათ დაკვირვება. რამდენიმე ქვეყანამ ისინი დააკავა და ერთ ქვეყანაში დღემდე ზის სუს-ის მაღალჩინოსანი და არ უშვებენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.