მიხეილ სააკაშვილმა უკრაიანის მოქალაქეობა მიიღო

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ „ტვიტერში“ უმაღლესი რადას დეპუტატმა მუსტაფა ნაიემმა დაწერა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია თავის მიკრობლოგში მეორე უკრაინელმა დეპუტატმა სერგეი ლეშენკომაც დაადასტურა.
უკრაინის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს.
გუშინ უკრაინულ მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილი ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა. შესაბამისი ინფორმაცია პრეზიდენტის საიტზე ჯერჯერობით არ განთავსებულა. აღნიშნული ინფორმაცია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის პრესმდივანმა ნიკოლაი პოკროვსკიმ დაადასტურა. ამის შესახებ მან ფეისბუკის საკუთარ გვერდზე დაწერა.
ოდესის გუბერნატორის პოსტზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის დანიშვნის შესახებ პოროშენკოს უკრაინის მთავრობამ მიმართა.
უკრაინის ეკოლოგიის მინისტრის იგორ შევჩენკოს ინფორმაციით, სააკაშვილი ოდესის გუბერნატორად ჯერ არ დანიშნულა, მინისტრთა კაბინეტმა ამ რეკომენდაციით უკრაინის პრეზიდენტს მიმართა. „საბოლოო გადაწყვეტილება პეტრო პოროშენკომ უნდა მიიღოს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამ რეკომენდაციას მხარს დაუჭერს“, – დაწერა შევჩენკომ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე.
სააკაშვილი ამ დრომდე უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები