ჭიაბერაშვილმა ჯაფარიძეს გამოცხადებული ნდობა შეახსენა – “სწორედ ეს იყო ენმ-ს განახლება”
სანამ ის წასვლის შესახებ განაცხადებდა, უნდა ეთქვა, რა პრეტენზიები აქვს, რაც ჩვენ მისგან არ მოგვისმენია – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, განახლება, რომელსაც პარტიის ყოფილი წევრები ენმ-ის ძირითად საჭიროებად და აუცილებლობად ხედავენ, პარტიის მესაჭეობის ზურაბ ჯაფარიძისთვის ჩაბარება იყო, ამიტომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებისა და მხარდამჭერებისთვის ისევ უცნობია მათი პარტიიდან წასვლის მიზეზი.
“ვერ ვიგებთ რატომ დატოვეს პარტია. როდესაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” ზურაბ ჯაფარიძეს ჩააბარა პარტიის მესაჭეობა, ყოველდღიური საქმიანობა, მისცა საშუალება, რომ მას ესაუბრა უამრავ ადამიანთან, მათთან, რომლებმაც “ნაციონალური მოძრაობის” სიძლიერე განაპირობეს. სწორედ მათთან კომუნიკაცია ვანდეთ ზურაბ ჯაფარიძეს. ეს ძალიან მოულოდნელი იყო ჩვენთვის, ყველასთვის. სანამ ის წასვლის შესახებ განაცხადებდა, უნდა ეთქვა, რა პრეტენზიები აქვს და ეს ჩვენ მისგან არ მოგვისმენია. განახლება სწორედ ის იყო, რომ პარტიის მესაჭეობა ვანდეთ მას” , – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.