გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო სავაჭრო პალატის საკონსულტაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეცხრე საკონსულტაციო საბჭოს წევრებს სიტყვით მიმართა.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეცხრე საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა სასტუმრო “თბილისი მარიოტში” მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილი შეხვედრას სპეციალური სტუმრის სტატუსით დაესწრო, რომელმაც შეხვედრა უკვე დატოვა.
როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატაში აცხადებენ, შეხვედრა დაეთმობა “იბიარდის”, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელების პრეზენტაციებს. გარდა ამისა, საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი და “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიზნეს კლიმატის შესახებ ისაუბრებენ.
“პრეზიდენტი მარგველაშვილი აცნობიერებს ბიზნესსექტორში არსებულ გამოწვევებს და ყოველთვის მხარს უჭერს ჯანსაღ საინვესტიციო და ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას ქვეყანაში. შესაბამისად, საერთაშორისო სავაჭრო პალატისთვის დიდი პატივია, რომ პრეზიდენტი ესწრება საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას”, – განაცხადა საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ, ფადი ასლიმ.