გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტი უნდა გადავიდეს ათონელზე

მე გაკვირვებული ვარ, რომ ეს თემა საერთოდ წარმოიშვა, საკითხი ძალიან მარტივად დგას, თავიდანვე იყო შეთახმება, რომ მისი რეზიდენცია არ უნდა ყოფილიყო ავლაბრის რეზიდენცია, – ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი სადავო რეზიდენციის შესახებ საკითხს.

„მე გაკვირვებული ვარ, რომ ეს თემა საერთოდ წარმოიშვა. საკითხი ძალიან მარტივად დგას. თავიდანვე იყო შეთახმება, რომ მისი რეზიდენცია არ უნდა ყოფილიყო ავლაბრის რეზიდენცია. მისი აზრი იყო, რომ ამ შენობაში არ შეიძლებოდა პრეზიდენტის ყოფნა. შემდგომ იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პრეზიდენტის აპარატს ფართი არ ყოფნიდა და ეს დასახელდა მიზეზად, რომ ავლაბრის რეზიდენცია დაეკავა გიორგის. ახლა, როცა ათონელზე საერთო შეთანხმების საფუძველზე შენობა დამთავრებულია და მას აქვს პრეზიდენტის ოფისისათვის შესაფერისი ყველა აღჭურვილობა, არის ისტორიული შენობა, რომელიც არ შეიძლება, რომ კერძო მფლობელობაში გადავიდეს, არის უმაღლესი კატეგორიისა და ხარისხის, რომლის აღჭურვასაც პრეზიდენტი და მისი აპარატი თვალყურს ადევნებდა, ამგვარი განცხადებები გასაკვირია. პრეზიდენტი უნდა გადავიდეს ათონელზე და გააგრძელოს თავისი მუშაობა მისთვის მისაღებ გარემოში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკი ასევე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და დამთავრდება საუბარი ამ სადავო საკითხზე.

„თემა არ უნდა იყოს აწეული მაღალი სპეკულაციების ცენტრში. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება საუბარი და შეკითხვები იმაზე, თუ რატომ აგრძელებს მუშაობას შენობაში, რომელსაც მან სიბოროტის ბუდე უწოდა. იყო არგუმენტი, რომ ეს დროებითი იყო, იმ აუცილებლობიდან გამომდინარე, რომ პრეზიდენტს ჰქონოდა საშუალება აპარატის განთავსების და საქმიანობის, გავიგეთ ეს არგუმენტი, რაც ბევრისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო. ახლა როდესაც შენობა ათონელზე მზად არის და აღჭურვილია ყველანაირად პრეზიდენტის ოფისისათვის, ჩემთვის პირადად გაუგებარია მოტივი და პასუხი, რაზეც კოჟორიძე საუბრობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

დეპუტატი პრეზიდენტის მრჩევლის, კახა კოჟორიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციის დატოვებას არ აპირებს. ვოლსკიმ ამ განცხადებას არასწორი უწოდა.

„რაც შეეხება კახა კოჟორიძის განცხადებას, არასწორი განცხადებაა. ალბათ გიორგიმ თავად უნდა გამოხატოს მოსაზრებები, თუ რატომ არ აპირებს შენობის დატოვებას. საბოლო ჯამში, საზოგადოებისთვის უნდა გახდეს ცნობილი, მათ უნდა შეაფასონ მოქმედებები, რომელსაც ქვეყნის უმაღლესი პირები აკეთებენ. მე, როგორც საზოგადოების ერთ-ერთ წარმომადგენელს არ მიმაჩნია სწორად, რომ კოჟორიძეს თუნდაც სამართლებრივ საბუთებში მისი ცოდნის, მაღალი კვალიფიკაციის გათვალისწინებით, რაიმე საქმე ჰქონდეს ამ საკითხზე გადაწყვეტილების გახმაურების“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები