ალასანია ყოფილი “ნაციონალების”თავისუფალ დემოკრატებში” გადასვლას გამორიცხავს
არ ემყარება არანაირ რეალურ საფუძველს ის, რომ შეიძლება რამე საერთო მოვძებნოთ პოლიტიკური ერთობის კუთხით ამ კატეგორიის ხალხთან, – ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია ფეისბუქის საუთარ გვერდზე მედიაში გავრცელებულ ხმებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები შესაძლოა, “თავისუფალ დემოკრატებში” გაერთიანდნენ.
როგორც ალასანიამ აღნიშნა, პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთთან საერთო უნდა გამონახონ და მთელ მსოფლიოს უნდა დაანახონ ის ღირებულებები, რაც სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას გააერთიანებს. “არ ემყარება არანაირ რეალურ საფუძველს ის, რომ შეიძლება რამე საერთო მოვძებნოთ პოლიტიკური ერთობის კუთხით ამ კატეგორიის ხალხთან. თუმცა მე ვხედავ, რომ სწორედ საპარლამენტო სივრცე არის ის ადგილი, სადაც გარკვეულ, კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება თანამშრომლობა და ასეც უნდა იყოს. იყო საყდრისის საკითხი, სადაც ჩვენ ერთობლივად ვიმუშავეთ. საგარეო პოლიტიკური უსაფრთხოების საკითხები, ფუნდამენტური საკითხები ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა, იქნება “თავისუფალი დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა”, ცალკეული დეპუტატები, მათ შორის “ქართული ოცნება”, უნდა ვნახოთ საერთო. უნდა დავანახოთ ჩვენს თავსაც და მსოფლიოსაც, რომ რაღაც ღირებულებები გვაერთიანებს. პარლამენტი სწორედ ეს სივრცეა. ჩვენ მზად ვართ პარლამენტში სათანამშრომლოდ ასეთ საკითხებზე, მაგრამ, პოლიტიკურ ერთობას ან რაიმე წინასაარჩევნო კოალიციას პრაქტიკულად არ აქვს არანაირი საფუძველი”, -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.