კახა კალაძე: ხალხი ენდობა ადეიშვილის კადრებს?
„დღეს ხალხის პრობლემას ლარის გაუფასურება წარმოადგენს, რაც “მათ შორის” ეროვნული ბანკის ბრალია. გეკითხებით, ხალხი ენდობა ადეიშვილის კადრებს? – ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, რას ფიქრობს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.
ამასთანავე, ვიცე-პრემიერმა ლარის გაუფასურების საკითხზე კომენტარისას აღნიშნა, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურება „ალბათ მთავრობის ბრალიც არის“.
“გეკითხებით, ხალხი ენდობა? ხალხის პრობლემაა ის, რაც დღეს არის. ხალხის პრობლემაა ის, რომ ლარი გაუფასურდა. ეს ძალიან აწუხებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს არის მათ შორის ეროვნული ბანკის ბრალი. ლართან დაკავშირებული პრობლემა, ალბათ მთავრობის ბრალიც არის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის ინიციატივით, პარლამენტში ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით კანონპროექტი მზადდება. ამასთანავე, ცნობილია, რომ კანონპროექტის ინიცირების ერთ-ერთ მიზეზად ის ფაქტი დასახელდა, რომ ხელისუფლება ეროვნულ ბანკში ადეიშვილის კადრებს არ ენდობა.