გიორგი მარგველაშვილი: ბოლომდე არ მესმის, რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფული 2014 წელი
ბოლომდე არ მესმის, რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფული 2014 წელი, – აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ქალთა მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით 2015 წელი ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე გასული წელი.
„ქალთა მიმართ ძალადობა ეს ის საკითხია, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია და ბოლომდე არ მესმის, რამ გამოიწვია ასეთი კატასტროფული 2014 წელი და იმედი მაქვს, რომ 2015 წელი ბევრად უფრო წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ტრაგიკულია, რაც ჩვენ დავინახეთ 2014 წელს, რაზეც ყველას მძაფრი რეაქცია ჰქონდა. ჩვენ 2015 წელი ქალთა წლად გამოვაცხადეთ.
ამ მიმართულებით, ჩემი აზრით, იქნება საკითხები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციონირებასთან,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ სახალხო დამცველის ორგანიზებული დებატები – საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობა: მიღწევები და გამოწვევები გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრო.