ირაკლი ალასანია: მონტენეგროს ნატოში გაწევრიანება ჩვენი ქვეყნისთვისაც კარგი იქნება
თუკი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების საკითხი დადგა, ეს ნიშნავს, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა რეალურად არის ნატოს ქვეყნების გაფართოების სამომავლო ხედვა – ამის შესახებ “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
“მონტენეგრო არის ქვეყანა, რომელიც შერჩეული იყო თავიდანვე, როგორც შემდგომი გაფართოების ეტაპის ერთ-ერთი ძირითადი ქვეყანა. თუკი მონტენეგროს ნატოში გაწევრიანების საკითხი დადგა, ეს ნიშნავს იმას, რომ ღია კარის პოლიტიკა რეალურად არის ნატოს ქვეყნების გაფართოების სამომავლო ხედვა. ეს იქნება კარგი ჩვენი ქვეყნისთვის, რომ უკვე შემდეგ ეტაპზე საქართველო გახდეს გაფართოების ეპიცენტრი და სუბიექტი. ჩვენ, რეალისტურად არ ველოდებოდით, რომ კონკრეტულად საქართველოს გაწევრიანება შემდეგ სამიტზე შეიძლება დადგეს დღის წესრიგში. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა უკვე უელსის სამიტიდან, რომელიც შესასრულებელი გვაქვს. ეს არის ნატო-საქართველოს პაკეტი, რომელიც განათავსებს აქ ინფრასტრუქტურას, საწვრთნელ ბაზას, კიდევ უფრო მჭიდროდ დაუკავშირდება ჩვენი სამხედო და პოლიტიკური სისტემა ნატო-ს სისტემას და ეს იქნება იმის წინაპირობა, რომ შემდეგ ეტაპზე უკვე გაფართოების სუბიექტი გახდეს საქართველო”, – განაცხადა ალასანიამ.
ალასანია დარწმუნებულია, რომ საქართველოს შემდეგი ეტაპი ნატოში უფრო მჭიდრო ინტეგრაცია იქნება. “საქართველო ამ ეტაპზე გვაღიარეს ერთ-ერთ ყველაზე თავსებად პარტნიორად. საერთოდ, ქართული საზოგადოების არჩევანი, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპის ნაწილი, არის ურყევი. ამას ვერავინ ვერ შეცვლის. რაც უნდა სცადონ ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა, გაასაღონ ისე, თითქოს იზრდება ევროპის მიმართ სკეპტიკოსთა რიცხვი, ეს ასე არ არის. ახალმა თაობამ, ჩვენმა თაობამ, ვისაც 25 წელი გვიცხოვრია უწყვეტად ამ ქვეყანაში, ძალიან კარგად დავინახეთ, სად შეიძლება იყოს გარანტირებული ჩვენი იდენტობა, ჩვენი უსაფრთხოება და ქვეყნის მომავალი. ეს არის ევროპული ოჯახი. არიან ძალები, რომლებიც თვლიან, რომ ეს შეიძლება საბჭოთა კავშირში დაბრუნებით მოხდეს, მაგრამ ეს არის მარგინალური გზა”, -განაცხადა ალასანიამ.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგბერგმა ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ცენტრში სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ნატოს შორის არსებულ პარტნიორობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ალიანსს საქართველოსთან ძალიან ახლო პარტნიორობა აქვს, თუმცა, ნატოს გაფართოების შემდეგ ეტაპზე მან პრიორიტეტულ ქვეყანად მონტენეგრო დაასახელა.