ირაკლი ღარიბაშვილი: ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.
“იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა ამ შენობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩვენ, სახელმწიფომ და მთავრობამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი და სხვა ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი და რაიმე მკვეთრი რეაგირება მოვახდინოთ, ვინაიდან ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მისთვის მისასალმებელი იქნება, თუკი პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციის გამოყენებაზე უარს არ იტყვის.
“ეს შენობა მთავრობამ გაარემონტა და ააშენა პრეზიდენტისთვის, რისთვისაც 26 მილიონი დაიხარჯა. თუ პრეზიდენტი გამოიყენებდა მას საკუთარი რეზიდენციისთვის, ეს იქნებოდა, მართლაც, მისასალმებელი ჩემთვის და ყველასთვის, თუმცა ეს არის პრეზიდენტის გადასაწყვეტი და ჩვენ, მთავრობა რაიმე მკვეთრ მოქმედებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მთავრობას, სახელმწიფოს არ აქვს ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ძვირად ღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ, მით უმეტეს, რომ შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით. ასე რომ, იმედი უნდა გამოვთქვათ, პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები