„ჩვენთვის შენიშვნები საინტერესოა, მთავარია, ეს არ იყოს გაურკვეველი შენიშვნები“
უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით, შსს 2015 წელს გაცილებით კარგ ფორმაშია და მაღალ სტანდარტს იცავს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ „თბილისი მერიოტში“ განაცხადა, სადაც 15 არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ორ წელიწადს აფასებს. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ არასამთავრობოების შენიშვნებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასთან დიალოგი შედგა.
„სწორედ ამიტომ მოვედით დღეს აქ, ამ შეხვედრაზე. რაც შეეხება 2 წელიწადში გაწეულ საქმეს, ვფიქრობ შინაგან საქმეთა სამინისტროს მენეჯმენტმა ძალიან დიდი საქმე გააკეთა, იგივე ის, რომ დღეს უწყება ანგარიშვალდებული და მეტი საჯაროობის მქონეა, ბევრი დოკუმენტი გასაჯაროვდა, კანონმდებლობა დაიხვეწა. მთელი რიგი ცვლილებები გატარდა ბევრი მიმართულებით. ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი კამპანია ჩატარდა, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება. ხედავთ, რომ 2-ჯერ არის გაზრდილი ნარკოტიკების ამოღების მაჩვენებელი. ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ ბევრი გვაქვს სასაუბრო. ჩვენთვის შენიშვნები საინტერესოა, მთავარია, ეს არ იყოს გაურკვეველი შენიშვნები“, – განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება უმცირესობის უფლებების დაცვის მიმართულებით სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, შს მინისტრის მოადგილის თქმით, წელს პრაქტიკულად არცერთი მაგალითი არ ყოფილა, როცა სახელმწიფო უმცირესობის უფლებების დაუცველობის გამო გააკრიტიკეს.
„უმცირესობების დაცვის მიმართულებით, პირადად მე, ვფიქრობ, რომ შსს 2015 წელს გაცილებით კარგ ფორმაშია და გაცილებით მაღალ სტანდარტს იცავს. თუნდაც რელიგიური უმცირესობების მიმართულებით, ჩვენ ის ფაქტები და პრობლემები დავამუშავეთ, რომელიც საქართველოში იყო და სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთობლივი მუშაობით, წელს არ გვქონია არცერთი მაგალითი, როდესაც სახელმწიფო უმცირესობების უფლებების დაუცველობის გამო გააკრიტიკეს. სხვა უმცირესობათა წარმომადგენლების შესახებაც შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფომ წელს ძალიან მაღალი სტანდარტი აჩვენა“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო მაღალი სტანდარტი აჩვენა შეკრება-მანიფესტაციებისა და გამოხატვის უფლების დასაცავად. არჩილ თალაკვაძე განმარტავს, რომ წელს მანიფესტაციებზე არცერთი ადამიანი არ დაშავებულა, ხოლო ჟურნალისტებს გაშუქების უფლება არ შეზღუდვიათ.
„თბილისი მერიოტში“ კონფერენცია იმართება, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ მმართველობის 2 წელს აფასებენ. არასამთავრობოების შეფასებით, კოალიციის 2-წლიანი მმართველობის პირველ 2 წელს საჯარო და კერძო სფერო უფრო პლურალისტური და თავისუფალი იყო, ვიდრე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში. მიუხედავად ამისა, არასამთავრობოების ანგარიშში ყველა მიმართულებით განხილულია ქვეყნის წინაშე მდგარი სერიოზული გამოწვევები.
ანგარიშის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საანგარიშო პერიოდში, თითოეული სფეროს მიხედვით, როგორც მიღწევები, ისე გამოწვევები იკვეთება.