“პრეზიდენტი ექსპერტებთან დახურულ სხდომას მართავს და მორიგი ვეტოსთვის ემზადება”
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ჩვენმა წყარომ გვაცნობა, რომ დღეს, 27 მაისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთან გიორგი აბაშიშვილთან გაიმართა ეკონომიკური სფეროს ექსპერტების დახურული შეხვედრა, რომელსაც მედია არ ესწრებოდა. განსახილველი თემა იყო ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის გამოყოფის საკითხი. ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შეხვედრაზე გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ცალსახად წინააღმდეგია აღნიშნული ცვლილების განხორციელების და კანონპროექტის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი დიდი ალბათობით ვეტოს უფლებას გამოიყენებსო.
როგორც შეხვედრაზე გამოჩნდა, ექსპერტების უმრავლესობა პრინციპულად წინააღმდეგი არ არის, თუ ეროვნულ ბანკს მხოლოდ საბანკო ზედამხედველობა კი არა, მთლიანად საფინანსო ზედამხედველობა გამოეყოფა დამოუკიდებელ სტრუქტურად, ანუ შეიქმნება იმის მსგავსი მოდელი, როგორიც საქართველოში არსებობდა 2008 წელს. ექსპერტებს შორის გამართული დისკუსიის შედეგად გაქარწყლდა მოსაზრება, რომ თითქოს საბანკო ზედამხედველობა იმიტომ დაუბრუნეს ეროვნულ ბანკს, რომ ეს შეცდომა იყო.
როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს, მაშინ საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს იმიტომ კი არ დაუბრუნეს, რომ თავად გამოყოფა იყო შეცდომა, არამედ იმიტომ, რომ იმ პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტად გიორგი ქადაგიძე დაინიშნა. წყაროს ინფორმაციით ამ მოსაზრებას დაეთანხმა ექსპერტების უმრავლესობა და მათ შორის ეროვნული ბანკის იმჟამინდელი ვიცეპრეზიდენტი მერაბ კაკულია და ასევე მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკური მრჩეველი ვატო ლეჟავა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დემურ გიორხელიძემ და სანდრო თვალჭრელიძემ პროტესტის ნიშნად საჯაროდ დატოვეს შეხვედრა, რადგან მათი განცხადებით, სხდომაზე ნინო ევგენიძის მხრიდან აშკარად მიმდინარეობდა გიორგი ქადაგიძის ლობირება და ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის მხარდაჭერა-პროპაგანდა.
წყარო: postalioni.com