ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით, დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა
ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით და სწორი პოლიტიკის წყალობით დასაქმებულთა რაოდენობა არის გაზრდილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით დასაქმებულთა გაზრდილი რაოდენობა, პრემიერმა მთავრობის ხელშეწყობად და სწორ პოლიტიკად შეაფასა.
“გვაქვს 2, 2%–იანი კლება და დასაქმებულთა რაოდენობა არის გაზრდილი. ჩვენი მთავრობის ხელშეწყობით და სწორი პოლიტიკის წყალობით, გასულ წელს შეიქმნა 33 100 სამუშაო ადგილი. რაც მთავარია, ახალი სამუშაო ადგილების 90% მოდის კერძო სექტორზე და ეს არ არის სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა. 11 წლის განმავლობაში უმუშევრობის ასეთი კლება არ დაფიქსირებულა საქართველოში. ეს შედეგია მთავრობის სწორი პოლიტიკის, ჩვენი პროგრამების, რომლებიც მიმართულია ეკონომიკის გაჯანსაღებისკენ. სოფლის მეურნეობის მიმართულებით უამრავი პროექტი დაფინანსდა, გაიხსნა 119 საწარმო, პროგრამის – “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში შეიქმნება 78 ახალი საწარმო. ეს არის სწორი მუშაობის შედეგი”, – განაცხადა პრემიერმა.