დავით ბერძენიშვილი: არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის უხიფათო ოთხი დეპუტატის წასვლა
არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის სასარგებლო, სასურველი, უხიფათო ოთხი დეპუტატის წასვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს “ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
ბერძენიშვილმა 2004 წელს ოთხი “რესპუბლიკელის” მიერ “ნაციონალური მოძრაობის” ერთიანი ბლოკის ფაქტი გაიხსენა. “თუკი ზურაბ ჯაფარიძე და მისი პარტნიორები ამბობენ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ”, მათი აზრით, განახლების პროცესი ვერ შეძლო და ეს მიაჩნიათ მთავარ მოტივად, ეს მათი დეკლარირებული პოზიციაა. ამიტომ, რაიმე ტიპის მარჩიელობას მე ვერ დავიწყებ. არც ერთი პოლიტიკური პარტიისთვის არ არის სასარგებლო, სასურველი, უხიფათო ოთხი დეპუტატის წასვლა.
ოთხი “რესპუბლიკელი” წავედით 2004 წელს “ნაციონალური მოძრაობის” ერთიანი ბლოკიდან. ეს ოთხი დეპუტატი მიზიდულობის მთავარი ცენტრი აღმოჩნდა შემდგომ პროცესებში. ვნახოთ, მოვლენები როგორ განვითარდება. ველოდები პარლამენტს გარეთ რა რეაქციები ექნებათ ,,ნაციონალურ მოძრაობის” წევრებსა და განსაკუთრებით მაინტერესებს იმ წრეების დამოკიდებულება, რომლებიც შესაძლოა, საკუთარი ხედვებით არ იყვნენ შორს ზურაბ ჯაფარიძისგან”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. დეპუტატებმა: გოგა ხაჩიძემ, პალიკო კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ და გიორგი მელაძემ ,,ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს.