პარლამენტში “პროკურატურის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე იმსჯელებენ
“ორ კაცს შორის ჩაკეტილი სისტემა აღარ გვექნება”, – ასე აფასებს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი “პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი იცვლება.
პარლამენტის დეპუტატებმა შესაძლოა, “პროკურატურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა დღეს დაიწყონ. კანონპროექტის მიხედვით, მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი ასახელებს და საპროკურორო საბჭოს წარუდგენს. საბოლოოდ კი მას პარლამენტი დაამტკიცებს. ამ ცვლილებით გაძლიერდება როგორც მთავარი პროკურორის, ასევე რიგითი პროკურორების როლი. შეიქმნება საპროკურორო საბჭო, რომელიც ჩამოყალიბდება რიგითი პროკურორებისგან და მას იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს. სწორედ რიგითი პროკურორების მიერ შერჩეული მთავარი პროკურორის კანდიდატურას წარუდგენს იუსტიციის მინისტრი დასამტკიცებლად ჯერ მთავრობას, შემდეგ კი პარლამენტს. მთავარ პროკურორს ხმათა უმრავლესობით აირჩევს პარლამენტი 6 წლის ვადით. ასევე ცვლილებების მიხედვით, შემოდის საგანგებო პროკურორის მცნება. ის იმ შემთხვევაში დაიწყებს მუშაობას, თუ მთავარი პროკურორი სავარაუდო დანაშაულს ჩაიდენს და საგანგებო პროკურორი სწორედ მის სავარაუდო დანაშაულს გამოიძიებს. “ორ კაცს შორის ჩაკეტილი სისტემა აღარ გვექნება. ეს ხდება მაშინ, როდესაც მინისტრი პრემიერს სთავაზობს კანდიდატურას და არავინ იცის, როგორია ეს კანდიდატურა და როგორ არის შერჩეული”, – განმარტავს თეა წულუკიანი.