გია ხუხაშვილი: “ნაცმოძრაობის“ ყოფილი ლიდერები ვერ მოახერხებენ პოლიტიკური რყევების მოხდენას
ზურაბ ჯაფარიძის მიერ გავრცელებულ საგანგებო განცხადებას, რომლითაც მან პარტიის დატოვების მიზეზები განმარტა, “კვირასთან“ ექსპერტი გია ხუხაშვილი აფასებს. გია ხუხაშვილი ზურაბ ჯაფარიძის და პარტიის ყოფილი სამი წევრის გეგმებს სკეპტიკურად უყურებს და აცხადებს, რომ ისინი პოლიტიკურ პროცესებში სერიოზულ, რეალურ ცვლილებებს ვერ მოახდენენ.
“მათ არ აქვთ იმისი რესურსი, რომ მიიზიდონ პოლიტიკური პარტნიორები ან დამოუკიდებლად მოახერხონ რაიმე მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა. უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკური ლიდერები, რომლებსაც რეალურად შეეძლებათ ქართული პოლიტიკური მოზაიკის შეცვლა, ჯერჯერობით არ ჩანან ასპარეზზე. ზურაბ ჯაფარიძე თავის თანამოაზრეებთან ერთად, რომელთაც “ნაციონალური მოძრაობა“ დატოვეს, ვერ მოახერხებს სერიოზული პოლიტიკური რყევების მოხდენას. ცხადია, მათ შეუძლიათ, საზოგადოებას შესთავაზონ რაიმე გეგმა, მაგრამ ისინი ამით პოლიტიკურ სარგებელს ვერ ნახავენ. ზოგადად, პარტიის დატოვება წევრების მიერ ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია“,-განუცხადა “კვირას“ გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძის განცხადების იმ ნაწილს, სადაც საუბარია რუსულ საფრთხეეზე და პრორუსული ძალების გამარჯვებაზე, ხუხაშვილი ამბობს, რომ ზურაბ ჯაფარიძე არ არის პირველი, რომელიც მსგავს განცხადებას აკეთებს. “ის პოლიტიკოსები, რომლებიც თავს ასღებენ დასავლეთის მთავარ მოკავშირებად – “ნაციონალური მოძრაობა“, თავისუფალი დემოკრატები“ თავს ვალდებულებად თვლიან, რომ განცხადებებში მუდმივად დომინანტი იყოს რუსული საფრთხის თემა, გამონაკლისი არც ზურაბ ჯაფარიძეა“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჯაფარიძემ, პავლე კუბლაშვილმა, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ ორი დღის წინ დატოვეს. დღეს ზურაბ ჯაფარიძებ სპეციალური განცხადება გაავრცელა და მათ მიერ პარტიის დატოვების მიზეზები განმარტა და საზოგადოებას სამომავლო გეგმები გააცნო.