ირაკლი ღარიბაშვილმა ფორუმის მონაწილეებს მიმართა (ვიდეო)
სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს საკუთარ მოქალაქეებზე და განსაკუთრებით მათზე, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება; ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის გარშემო, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი დიასპორული პროფესიული ფორუმის მონაწილეებს, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმართება.
პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ბოლო ორი წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებზე, საქართველოს უნიკალურ რესურსებსა და დიასპორასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე ისაუბრა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ქართველები გამორჩეულად ნიჭიერი ხალხია და კატასტროფაა, რომ დღეს, ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მილიონზე მეტი მოქალაქე კი საზღვარგარეთ იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქართველების წასვლა სამშობლოდან, ბოლო 25 წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა განაპირობა და მათი უმეტესი ნაწილი უკან აღარ დაბრუნებულა. „ჩვენ ყოველთვის ვართ იდეის ძიებაში, რაც მათ სამშობლოში დაბრუნებას გადააწყვეტინებს. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ფინანსური, სახელმწიფოებრივი, ინტელექტუალური რესურსი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე – გარეთ. თითოეული მოქალაქე სახელმწიფოსთვის უძვირფასესია. მთავარი პრობლემა ჩვენი რესურსების არაეფექტურად გამოყენებაა. ჩემი დავალებით, ყველა რეგიონის პოტენციალის დეტალური შესწავლა განხორციელდა და შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველო არ უნდა იყოს ღარიბი ქვეყანა, ჩვენს ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ღარიბი ადამიანები. ჩვენი მთავარი პრობლემაა ეკონომიკა, უმუშევრობა, სიღარიბე. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც არ ბრუნდებიან საქართველოში ჩვენი შვილები”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაგალითად ისრაელი დაასახელა, რომელმაც საუკეთესო ინტელექტუალური და ფინანსური რესურსების მოზიდვით, ისრაელის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს აღორძინება შეძლო. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ეს საქართველოსაც შეუძლია და არსებული ვითარების გათვალისწინებით, პროგნოზი ოპტიმისტურია. „ქვეყანაში განხორციელდა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დემოკრატიის დამკვიდრების მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც რჩებოდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, იყო დაუცველობა და თავისუფლება. სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეები, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები – სტუდენტები, პროფესორები, მედია, ბიზნესი, სასამართლო თუ სხვა, აბსოლუტურად თავისუფალი არიან ყოველგვარი პოლიტიკური ჩარევისგან. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა და პერსპექტივები. ყველაფერი იდეალური ვერ იქნება, რადგან წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარებას ასეთ მოკლე ვადაში ვერც ერთი ხელისუფლება შეძლებს, მაგრამ ჩვენ დავიწყეთ მყარი ფუნდამენტის მომზადება იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო გავაძლიეროთ. თუმცა, ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მოხდეს ეს ქართული დიასპორის ჩართულობის გარეშე. როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი ბედნიერად და შევიგრძნოთ ეს პერსეპექტივები, რაც არსებობს ქვეყანაში, თქვენს გარეშე, დიასპორის გარეშე”, – მიმართა პრემიერმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებს. ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოეთში სასწავლებლად ყოფნის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სამშობლოსგან შორს გატარებული ორი წელი მისთვის ძალიან რთული იყო. პრემიერის შეფასებით, ქართულ მიწას განსაკუთრებული მიზიდულობა აქვს, ხოლო ქართველებს – განსაკუთრებული მგრძნობელობა სამშობლოს მიმართ. „ძალიან მიჭირს, გავუგო ადამიანებს, რომლებიც სამშობლოში წლების განმავლობაში არ ჩამოსულან. მესმის, ბევრ მათგანს აქვს მათ შორის ფინანსური პრობლემები, მაგრამ ადამიანი ამ მდგომარეობას ეჩვევა. მათთვის, უნდა მოხდეს რაღაც განსაკუთრებული, მაგრამ ამ განსაკუთრებულს არ უნდა ველოდოთ. თითოეული დღე განსაკუთრებული და გადამწყვეტია ჩვენი სამშობლოსთვის. ჩვენს ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი. უდიდესი პასუხისმგებლობაა, იყო იმ ქვეყნის სათავეში, რომელსაც აქვს უნიკალური კულტურა, ისტორია. წარმოვადგენდეთ იმ ქვეყნის მთავრობას, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში უამრავ ომს და გაჭირვებას გაუძლო, რა თქმა უნდა, ჩვენ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით გვტვირთავს. ჩვენ ამას ვგრძნობთ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მოქალაქის პასუხისმგებლობა. ხელისუფლება ვერაფერს გააკეთებს მოქალაქის – ხელისუფლების მთავარი წყაროს მხარდაჭერისა და ჩართულობის გარეშე. ჩვენ დღეს ვართ მოწოდებული, მაქსიმალურად ჩაერთოს თითოეული მოქალაქე, რომ რეალური დემოკრატია ამუშავდეს საქართველოში”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მისი ინიციატივით შექმნილ განათლების საერთაშორისო ცენტრზე, რომელმაც, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გასავლელად გასულ წელს 77 ახალგაზრდა დააფინანსა, წელს კი – 115 საუკეთესოს დაფინანსებას გეგმავს. მთავრობის მეთაური უმნიშვნელოვანესად მიიჩნევს პირობას, რომელიც მათ სამშობლოში დაბრუნებას ავალდებულებს და აცხადებს, რომ ამით ყალიბდება მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს წინაშე. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლების კარი ღიაა საზღვარგარეთ მყოფი წარმატებული ქართველებისთვის. „ეს მათი სამშობლოა დ ჩვენ უკიდურესად დაინტერესებული ვართ, მოხდეს მათი მოტივირება სამშობლოში დაბრუნებისთვის. ეს არის ჩემი ოცნება და მთავარი მიზანიც, რომ იყოს წარმატებული ქართველების, ჩვენი დიასპორის მაქსიმალური ჩართულობა. დღეს ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების უფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხეს შეუქმნის, სახელმწიფოს განვითარებას შეაფერხებს. ჩვენ 25 წლის განმავლობაში არაერთი მძიმე შეცდომა დავუშვით, რითაც სახელმწიფო დავაზიანეთ, მომავალ თაობას დროებით, მაგრამ მაინც მოვუსპეთ წინსვლის პერსპექტივა. მთელი თაობები შეეწირა იდეას ქართული სახელმწიფოს გაძლიერებისთვის. დღეს ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, როგორი ქვეყნის მშენებლობა გვსურს. ვფიქრობ, ეს ამოცანები დასახულია და მას ემსახურება ჩვენი ხელისუფლების მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი. დღეს საქართველო არის ასოცირებული წევრი, ჩვენ გავაფორმეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და მივისწრაფვით უკეთესი მომავლისკენ. ეს უნდა იყოს მამოძრავებელი ძალა თითოეული მოქალაქისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო გარდავქმნათ ძლიერ, ევროპულ სახელმწიფოდ. ჩემთვის ევროპული ასოცირდება ძლიერ სახელმწიფოსთან, სადაც დაცულია მოქალაქის უფლებები და თავისუფლებები, სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეზე, მოქალაქეს აქვს პერსპექტივა და განვითარების უნიკალური პერსპექტივა. ჩვენ ამის მიცემა შეგვიძლია და ეს პროცესი უკვე დავიწყეთ. უნდა მოხდეს რესურსების კონსოლიდაცია. უამრავი მაგალითია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში – ქვეყანა ძლიერია მაშინ, როდესაც ერთიანია მისი საზოგადოება. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი ძლიერი ქართული სახელმწიფოს მშენებლობის იდეის გარშემო”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. დიასპორული ფორუმის მონაწილეებს დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მიმართა და ისინი დალოცა. ღონისძიების ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო დიასპორის ჩართულობის ალიანსთან, მემორანდუმები გაფორმდა.