პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 30 მაისს საარჩევნო სისტემის საკითხზე კონფერენცია გაიმართება
30 მაისს, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.
როგორც პარტია „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტა, კონფერენციაზე საარჩევნო სისტემის პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე იმსჯელებენ.
მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებთან დღეს არსებული საარჩევნო სისტემის მიხედვით ამომრჩეველთა ხმების დისბალანსზე ისაუბრა და ხელისუფლებას მაჟორიტარული სისტემის საპირწონედ, სამხარეო რეგიონალური პროპორციული სიები შესთავაზა.
„საარჩევნო სისტემა არ ვარგა. ამ უვარგისობის მთავარი კომპონენტი მაჟორიტარული სისტემაა. დღეს არსებული სისტემა – ე.წ.ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები ხელისუფლებას საშუალებას აძლევს, იქურდოს მანდატები. მაგალითად, მიიღოს ხმების 45 პროცენტი, მაგრამ მანდატების, ვთქვათ, 75 პროცენტი, ანუ მოიპაროს მანდატების 30 პროცენტი. ჩვენი პრინციპებია შემდეგი: პირველი – ხმების რამდენ პროცენტსაც მიიღებს პარტია, იმდენი პროცენტი მიიღოს პარლამენტშიც და საკრებულოშიც მანდატების და მეორე – ყველა მანდატს ჰქონდეს თანაბარი წონა, ანუ 5 ათასი კაცი და 160 ათასი კაცი არ ირჩევდეს ერთი მანდატის მქონე დეპუტატს, რა დისბალანსიც დღეს არსებობს. ამ პრინციპს საუკეთესოდ უზრუნველყოფს პროპორციული სისტემით პარლამენტისა და საკრებულოს არჩევა. სწორედ ეს არის ჩვენი შეთავაზება ყველას მიმართ. არასაპარლამენტო პარტიების შემოთავაზების მიხედვით, უნდა ჩამოყალიბდეს შერეული პროპორციული სისტემა, რომელიც ორი კომპონენტისაგან შედგება- საერთო და რეგიონული პროპორციული სიები“, – აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
30 მაისს დაგეგმილ კონფერენციაზე მიწვეულები არიან: ხელისუფლების ოფიციალური წრეების წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე, პრემიერ- მინისტრი, იუსტიციის მინისტრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და ის სხვა ოფიციალური პირები, რომლებიც ამა თუ იმ ფორმით არჩევნებთან შემხებლობაში არიან.
ასევე მიწვეული იქნებიან სახელისუფლებო კოალიციაში შემავალი პარტიები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია. კონფერენციაში აქტიურად ჩაერთვებიან 20 – მდე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მიწვეულები იქნებიან ექსპერტთა კლუბის და სხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ექსპერტები და მათთან ერთად საქართველოში წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია. კონფერენციის შემდეგ ხელისუფლების მიმართ ერთიანი მიმართვა გაკეთდება.